ურბანული კატასტროფა თბილისში. რა კეთდება, რა შეიძლება გაკეთდეს. სუბიექტური აზრი. :)



⚠ ქვეითების პრობლემები;
⚠ მძღოლების პრობლემები... საცობები და პარკინგის ადგილის ნაკლებობა ქალაქში;
⚠ ეზოების არარსებობა;
⚠ მრავალსართულიანი კორპუსების ჩარჭობა ვიწრო ქუჩებზე;
⚠ მიტოვებული მშენებლობები და მიშენებები;
⚠ სამშენებლო მტვერი და მომწამვლელი გამონაბოლქვი;
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
ამ ყველაფერს ურბანული კატასტროფა ქვია და პირდაპირ აისახება თითოეული ჩვენთაგანის ყოველდღიურ განწყობაზე, ჯანმრთელობაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე და ქმედუნარიანობაზე მიუხედავად თანამდებობისა და მდგომარეობისა.

წარმოიდგინეთ: იღვიძებ, იხედები ფანჯარაში და თუ გაგიმართლა, ხედავ დაბომბილივით ქალაქის ხედს. თუ არ გაგიმართლა - ხელის გასაწვდენზე აღმართული მეორე კორპუსის უსახურ კედელს...
გამოდიხარ ქუჩაში და სადარბაზოშივე გხვდება ცუდად გაჩხერილი მანქანა. გვერდს აუვლი როგორღაც და ტანსაცმელზე ქსეროქსივით გადმოდის მანქანის ჭუჭყი თავისი თითით დახატული რაღაცეებით და "გამრეცხე შეჩემა"-თი. :)
იქ, სადაც ერთ დროს შენი უბანი იყო და ცხოვრება დუღდა, დღეს... რაც ხელში მოხვდათ იმისგან შეკოწიწებული, დაუმთავრებელ მიშენებებს შორის გაჩრილი, ცარიელი ავტოფარეხები და ამ ფარეხების წინ დაყენებული მანქანებით გაჭედილი ბილიკებიღაა.
დილიდანვე წვალობს ქვეითიც და მძღოლიც, დიდიც და პატარაც. გამოაღწევ ქუჩაში და იწყება საცობი. ნერვიულობ. გაგვიანდება. არც ადრე გამოსვლა გშველის. სამსახურში მიხვალ და იწყება დოღი. ყველას ყველაფერი უნდა სასწრაფოდ. გუშინწინ, ან უკეთეს შემთხვევაში "ემსაათში". :) მნიშვნელობა არა აქვს ხელმძღვანელი ხარ, თუ რიგითი თანამშრომელი. მთელი დღე ქაოსი, არეულობა... საღამოს ისევ საცობი და თუ ზედა მეზობელმა არ ჩაგრეცხა, ან ბიჩოკით სარეცხი არ დაგიწვა, იძინებ იმისათვის, რომ დილიდან ისევ იგივე წრეზე წახვიდე.

ხო, ამ ყველაფერს ურბანული კატასტროფა ქვია და პირდაპირ აისახება თითოეული ჩვენთაგანის ყოველდღიურ განწყობაზე, ჯანმრთელობაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე და ქმედუნარიანობაზე, მომავალზე...
ხალხი ერთმანეთს უპირისპირდება. პრობლემას ერთმანეთში ხედავს.
არადა ქვეითებიც, ველოსიპედისტებიც, მძღოლებიც, ბავშვებიც, ახალგზრდებიც, ასაკოვნებიც - ყველანი საერთო სივრცეში ვცხოვრობთ და პრობლმებიც საერთო გვაქვს.

გამოსავალი ურბანისტიკის კანონზომიერებების მიხედვით ქალაქის განვითარებაშია:
მსოფლიოს განვითარებულმა ნაწილმა ეს გზა უკვე გამოიარა.
წინა საუკუნეში ავტომობილის გამოჩენამ საკმაოდ დიდი ცვლილებები გამოიწვია და ბუნებრივია, კაცობრიობის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. მანქანის პოპულარიზაციას და საცხოვრებელი სივრცის ადამიანების ნაცვლად მანქანებისთვის დათმობას ცოტათი ავტოინდუსტრიის მარკეტოლოგებიც დაეხმარნენ. ზოგადად, მანქანას ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია, ოღონდ რამდენიმე სერიოზული ნაკლი აქვს:
  • სალონში ოთხი ადგილია, მაგრამ უმეტესად ერთი კაცი მოძრაობს. ადგილს კი იმდენს იკავებს, რამდენშიც 12 კაცი დაეტეოდა.
  • გამონაბოლქვი სასიკვდილოდ მავნებელია. მით უმეტეს განვითარებად ქვეყნებში, სადაც გადახდისუნარიანობა დაბალია და ხარისხის კონტროლი არ ხორციელდება სათანადოდ. არაა რთული მისახვედრი, რომ ხარისხიან საწვავს ვერ შეიძენს ღატაკი ხალხი ხარისხის შესაბამის ფასად. ამიტომაც, მაღალ სტანდარტებზე პრეტენზია ვერ იქნება. სამაგიეროდ, მაღალი სიკვდილიანობა გარანტირებულია!  
  • მანქანის გამართულად მუშაობა ყოველთვე საკმაოდ ძვირი ჯდება. ასევე ძვირი ჯდება ახალი ან მეორადი, მაგრამ კარგ მდგომარეობაში მყოფი მანქანა; რის გამოც  განვითარებად ქვეყნებში ყიდულობენ საკმაოდ მოძველებულ და გაუბედურებულ მანქანებს. ასეთი მანქანის მოვლა კი ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე ახალის, ან კარგ მდგომარეობაში მყოფი მეორადი მანქანის. საბოლოოდ ეს ყველაფერი უფრო აუარესებს გარემოს, აცარიელებს ავტომფლობელის ჯიბეს და კლავს ადამიანებს სხვადასხვა დაავადებებით. დანარჩენი ქვევით გავშალოთ:
მანქანების რაოდენობის ზრდასთან ერთად განვითარებული ქვეყნები აფართოვებდნენ ქუჩებს, აშენებდნენ რამდენიმე სართულიან ესტაკადებს; მრავალსართულიან მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომებს. ჰქონდათ საშუალება და უზარმაზარ ფინანსურ რესურსს ხარჯავდნენ ინფრასტრუქტურისთვის. რაც მეტად ფართოვდებოდა ქუჩები და რაც მეტად იზრდებოდა საავტომობილო ინფრასტრუქტურა, მით მეტად იჭედებოდა და გაუვალ საცობებად იქცეოდა. ადამიანების მიერ მანქანების სასარგებლოდ გაკეთებულმა არჩევანმა ნელნელა გამოდევნა ქალაქებიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თითქმის მთლიანად გააქრო დიდ მეგაპოლისებში. ჯერ ტრამვაი გაქრა, შემდეგ ავტობუსი მიყვა; შემდეგ... და გაიჭედა ყველაფერი მანქანებით.
ცხადია უცებ არავის არ განათებია თავში, თუმცა ნელნელა, არაერთი კვლევის შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ საცხოვრებელ გარემოს მანქანებისთვის ქმნიდნენ, არადა ამ გარემოში ადამიანები ცხოვრობენ! ;) პრობლემა მხოლოდ გამონაბოლქვში და საცობებში, ან პარკინგის ადგილების გასაჭირში არ იყო. ეზოები, ქუჩები, ტროტუარები, ყველაფერი მანქანებმა დაიკავეს. ადამიანები ვეღარ ურთიერთობდნენ ერთმანეთთან და ამან ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა ყველაფერზე. ადამიანი, ყველაზე მარტოსულიც კი სოციალური არსებაა. სხვა ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე ვერ გრძნობს თავს კარგად. 

კაცობრიობის განვითარებული ნაწილი მიხვდა, რომ საცხოვრებელი გარემო ადამიანებისთვის უნდა დააგეგმარო და არა ტექნიკისთვის. ცხადია, ცვლილებები უცებ არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა იმიტომ, რომ უზარმაზარ ხარჯებთან და ჩვევების გამომუშავებასთან იყო დაკავშირებული. ყველაზე ადრე ევროპის ჩრდილოეთმა ნაწილმა  დაიწყო ცვლილებები და აი რა შეცვალეს:

1. დაიწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაბრუნება როგორც ქალაქებში, ასევე საქალაქთაშორისო სივრცეში. იმისათვის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეუფერხებლად ემოძრავა, გააკეთეს გამოყოფილი ზოლები გზის სავალ ნაწილზე. დანარჩენი ბუნებრივად მოხდა. ჯერ გამოიწვია დიდი უკმაყოფილება ავტომფლობელების მხრიდან იმიტომ, რომ დაუვიწროვდათ გზები და მდგომარეობა გაუუარესდათ გზაზე. მერე სასწაული მოხდა და საათობით უძრავი საცობები ნელა მოძრავ კოლონებად იქცა. მანქანაზე ალბათ ყველას უოცნებია ბავშვობაში, მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი ავტომოყვარული არაა, ან არა აქვს საკმარისი თანხა იმისთვის, რომ ავტომობილი იყოლიოს და შეინახოს. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნელა მოძრაობს, გადაჭედილია და არაკომფორტულია, ასეთი ადამიანები იძულებულები ხდებიან მანქანა შეიძინონ, ზედმეტი ხარჯები გაწიონ ყოველთვიურად ამ მანქანის შესანახად და ნერვები იშალონ საცობებში და სადგომი ადგილის ძებნაში. მათ არ სჭირდებათ მანქანა, ისინი იძულებულები არიან იყოლიონ იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არაა. გეცნოთ მდგომარეობა? :) ასეთი უმრავლესობა თავისდაუნებურად იკავებს ადგილს გზაზე, სადგომზე და სერიოზულ პრობლემებს უქმნის ავტომოყვარულებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც მანქანა სამსახურებრივად სჭირდებათ.

გამოჩნდა თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც გამოყოფილი ხაზების წყალობით შეუფერხებლად, იაფად და დროულად მოძრაობდა, ასეთმა ადამიანებმა მანქანა მოიშორეს, ან დატოვეს სახლში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ დანიშნულების ადგილამდე. თითო დიდი, თანამედროვე საქალაქო ავტობუსი იკავებს დაახლოებით სამი მანქანის ადგილს გზაზე და ამ სამი მანქანის სივრცეში შეუძლია სამოცამდე ადამიანის კომფორტულად გადაყვანა. რთული არ იქნება იმის მიხვედრა, რამდენ სამანქანო ადგილს ათავისუფლებს ერთი ცალი ავტობუსი.

2. პარალელურად დაიწყო ტრამვაის ხაზების და საგარეუბნო მატარებლების ქსელის განვითარებაც. ტრამვაის ერთი, სამ ვაგონიანი შემადგენლობა ერთი შეხედვით ძვირი ჯდება, თუმცა ავტობუსზე ბევრად იაფია მისი შემდგომი ექსპლოატაცია, 300-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია ერთად და ავტობუსთან შედარებით სულ მცირე 15-20 წლით მეტ ხანს შეიძლება მისი ექსპლოატაცია. ერთი შეხედვით ძვირი იმიტომ, რომ თუ ტევადობას და მგზავრების რაოდენობას გავითვალისწინებთ, იგივე ჯდება, რაც რამდენიმე ავტობუსი იგივე ჯამური ტევადობით. კიდევ ბევრი დადებითი მხარე და ეფექტი აქვს. ყველაფერი დათვლილი და შესწავლილია. არ ცხოვრობს ევროპის ჩრდილოეთში მფლანგველი და თავქარიანი ხალხი. ესმით საგანი... ;)

3. მანქანის სადგომი გახდა ფასიანი, თან ძვირი. ჩვენ მიჩვეული ვართ ბევრ რამეს უფასოდ და ძალიან გვიკვირს ხოლმე, როცა რამეში ფულს გვახდევინებენ. უფასო ამ ქვეყნად არაფერი არაა. დაბადებაც და გარდაცვალებაც კი ფასიანია (თან როგორი ძვირი უჯდება ოჯახს?!..) და ასეა უხსოვარი დროიდან. მანქანა პირადი ნივთია, თან არც თუ ისე პატარა მოცულობის. საკმაოდ დიდ ფართს იკავებს. საშუალოდ 6 კვადრატულ მეტრს მაინც. აბა მოვჩოთკოთ რა ღირს 6 კვადრატული მეტრი მიწა თქვენს უბანში. თუ გინდა მანქანა გყავდეს, ან უნდა იყიდო ეს მიწა, ან უნდა იქირავო ყოველთვე საბაზრო ფასში. სახელმწიფო, ან ის ადამიანები, რომლებსაც მანქანა არ ჰყავთ, არაა ვალდებული უფასოდ დაგითმოს მიწის ნაკვეთი იმისათვის, რომ იქ შენი პირადი საკუთრება დააყენო. აქ ვცხოვრობ და მეკუთვნის - ასე არაა. ცხოვრობ ბინაში და მაგ ბინაში ფული გაქვს გადახდილი. ეზო, ქუჩა, უბანი საერთო სივრცეა და იმისთვის არაა, რომ მანქანებით ჩაიკეტოს. თუ სადგომის ადგილი გაქვს ნაყიდი ბინასთან ერთად, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ეზო, რომელშიც შენს გარდა სხვებიც ცხოვრობენ, იმისთვისაა, რომ იქ ადამიანი გამოვიდეს და დანარჩენებთან იურთიერთოს თავისი ასაკის და ინტერესების შესაბამისად და არა იმისთვის, რომ ჩაკეტო მანქანებით, თანაც მუქთად. წარმომიდგენია ჩვენთან ამას რამხელა უკმაყოფილება მოყვება. არცაა გასაკვირი. ასე გავიზარდეთ, ასე მივეჩვიეთ თაობებით. ასეც ვცხოვრობთ.. სადაც მოგვიხერხდება, იქ ვტოვებთ მანქანას. ;) ცხადია, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარდება, მანქანების რაოდენობა ბუნებრივად მოიკლებს, თანაც საგრძნობლად და ასეთი არასასიამოვნო ნაბიჯის გადადგმა არ მოუწევს მთავრობას. მერე ყველა ჯიგრულად დავეტევით ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში.
4. ველოინფრასტრუქტურის შექმნა. კონკრეტულად თბილისისგან განსხვავებით, ველოსიპედი საქართველოს ბევრ ქალაქში და დანარჩენ მსოფლიოში არასოდეს ყოფილა მხოლოდ ბავშვის სათამაშო. ველოსიპედს იყენებენ ტრანსპორტად მისი პირველი გამოჩენის დღიდან. თბილისში რატომღაც ყოველთვის უტყდებოდათ - "ამხელა კაცი ველოსიპედზე როგორ დავჯდე, შეჩემა?!"... :)  ამიტომაც დღესაც რთულად იკიდებს ფეხს თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა აივანზე თითო ველოსიპედი "ჟანგდება", ქალაქში დღის განმავლობაში მაქსიმუმ 100-120 ველოსიპედი მოძრაობს... 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარების პარალელურად, ევროპის მსხვილ ქალაქებში ინტენსიურად ვითარდება ველოინფრასტრუქტურაც. ზოგიერთ ქვეყანას არა მხოლოდ ქალაქის ველობილიკები აქვს, ტრასის გასწვრივ, საქალაქთაშორისო ველოტრასებიც აქვთ და საკმაოდ ბევრი ხალხი მოძრაობს ველოსიპედით ზამთარ-ზაფხულ, ნებისმიერ ამინდში (ძლიერი ქარის გარდა). მეტიც, ველოსიპედებისთვის ცალკე სამაგრებია გათვალისწინებული მატარებლების და მეტროს ვაგონებში, ავტობუსებში, ტრამვაიში. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უპირატესობა მიანიჭოს ველოსიპედს და არა რაიმეს მოტორიანს. ცხადია, ადამიანების შედარებით მცირე ნაწილი გამოიყენებს ველოსიპედს როგორც ტრანსპორტს. ქალაქში მდგომარეობის გაუმჯობესება ყველაზე ეფექტურად საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეუძლია, მაგრამ ველოინფრასტრუქტურას იმიტომ ექცევა დიდი ყურადღება და იმიტომ იხარჯება საკმაოდ დიდი თანხები, რომ ესაა ჯანმრთელობისთვის საუკეთესო "წამალი", წარმოუდგენლად ეკონომიური და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ტრანსპორტი. გარემოსთვის ზიანის არარსებობის გარდა, ველოსიპედი ადამიანის ორგანიზმს აჯანსაღებს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ველოსიპედით მოძრაობისას მუშაობს სხეულის თითქმის ყველა კუნთი, გამონაბოლქვით დაბინძურებულ ქუჩებშიც კი აქტიურად ხდება ფილტვების ვენტილაცია და შხამების გამოდევნა ფილტვებიდან, ორგანიზმიდან, ავარჯიშებს თვალს, გინარჩუნებს მხედველობას, განწყობასაც კი აუმჯობესებს და ასე შემდეგ... ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება :)  სამსახურიდან გადამწვარი რომ გამოხვალ და ველოსიპედით ბრუნდები სახლში, დაღლილობა ქრება. ენერგიით სავსე მიდიხარ სახლში.
5. მანქანების რაოდენობების აუცილებელ მინიმუმამდე დაყვანამ გამოანთავისუფლა სივრცე. ის სივრცე, რომელიც აუცილებელია ადამიანებისთვის. ეზოები მანქანების სადგომის ნაცვლად დაიკავა საბავშვო მოედნებმა, დაიდგა მაგიდები, სკამები, გრილი და მაყალიც კი იმისათვის, რომ თავისუფალ დროს ხალხი გამოვიდეს, იურთიერთონ... მოკლედ, ურთიერთობას მოაქვს მშვიდობა და ბედნიერება. უბნები, რომლებშიც ხალხია, მშვიდად ვითარდება. კრიმინალი კლებულობს, ხალხი ახლობლობს, მეგობრობს, ერთად აკეთებენ ყველაფერს, რასაც მოაქვს სიამოვნება, სარგებელი და ცხოვრება მშვენიერი ხდება. მთლიანად შეიცვალა ქალაქების განვითარების ხედვა. მრავალსართულიანი იზოლატორების ნაცვლად, სადაც ყველა თავის ბინაში იყო გამოკეტილი, აშენებენ 6-8 სართულიან საცხოვრებელ უბნებს. ცოტა ხალხი უფრო იოლად ურთიერთობს... ვინც მოვესწარით, ხომ გვახსოვს რამხელა ბედნიერება იყო ბინიდან უბანში გამოსვლა?! შენს უბანში! შენთვის ძვირფას ადამიანებთან...
6. მთლიანად შეიცვალა გარემო ქვეითებისთვის. მიწისქვეშა გადასასვლელები გაუქმდა იმიტომ, რომ ყველას არ შეუძლია კიბეებზე ჩასვლა და ასვლა ქუჩის გადასაკვეთად. რკინის მიწისზედა ხიდები სადაც დარჩა, დაუმონტაჟდა ლიფტი. საბავშვო ეტლებით, შშმ პირის ეტლებით, ყავარჯნებით და ასე შემდეგ, ადამიანებს, რომლებსაც უჭირდათ ან ვერ ადიოდნენ კიბეებზე, თავისუფლად შეუძლიათ გადასასვლელით სარგებლობა. ტროტუარები გათავისუფლდა, გამწვანდა და თითქმის ყველგან გაკეთდა ჩამოსაჯდომი სივრცეები. წვიმის წყლისთვის გაკეთდა დრენაჟები და არავის აღარ წუწავს ჟოლობიდან გადმოვარდნილი ჩანჩქერი. აღარაა გუბეები ტროტუარებზე. მაღაზიებს მოემატა კლიენტი, ქუჩებში მოძრაობს, ურთიერთობს ხალხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
მოკლედ რომ შევაჯამოთ, როგორი გარემოც ჩვენ გვქონდა კომუნისტების დროს უბნებში დომინოს რახუნით, ჯოკრით, მწვადებით და აყალ-მაყალით ეზოებში, ნოლ აძინის "მსხვილჟეშტიან" კარში(ზე) გატანილი გოლებით, ჭორიკანა ბებოებით სადარბაზოს წინ, ჭადრაკის მოთამაშე პენსიონერებით, პერიოდულად ლოტკინიდან დაგორებული პონჩიკას ტრამვაით და იკარუსების გონკაობით გაჩერებიდან გაჩერებამდე, აი ასეთივე გარემოს ქმნიან დღეს ევროპის მაღალგანვითარებული ქვეყნები, რა თქმა უნდა თანამედროვე მიღწევების და ტექნოლოგიების გამოყენებით, უფრო დახვეწილად და უკეთ. ;)

პ.ს. სააკაძის მოედანი რომ ვნახე რეაბილიტაციის შემდეგ, ძალიან მომეწონა იმიტომ, რომ ურბანისტების ნამუშევარი ეტყობა დაგეგმარებას. ცხადია, ცალკე აღებული სააკაძე-შარტავას მონაკვეთი ეფექტს არ მოგვცემს და მძღოლებსაც დისკომფორტს შეუქმნის იმიტომ, რომ საგრძნობლად შეუმცირდათ სივრცე. ზოგიერთ ადგილზე კი საერთოდ აღარაა მანქანის დაყენების არანაირი საშუალება. ისიც მესმის, რომ ძალიან რთულია ჩვენი ბიუჯეტის და ეკონომიკის პირობებში მთელი ქალაქის ინფრასტრუქტურა შეიცვალოს ერთიანად, ან მოკლე დროში. მიუხედავად ამისა, მაინც კარგია, რომ ბოლო ათეულ წლებში პირველად გამოჩნდა ნება, რამე მაინც გაკეთდეს გონივრული დაგეგმარების საფუძველზე. თუ ასე გაგრძელდა, ნებისყოფა გვეყო და მშვიდობაც გვექნა,  ჩვენს ქალაქსაც ეშველება ნელნელა. მთავარია ერთმანეთის პატივისცემა და ურთიერთობა. დანარჩენს ნელნელა დავალაგებთ. 

ამ ვიდეოში ნათლად ჩანს გადაადგილების რომელი ფორმა რამხელა სივრცეს ყლაპავს ჩვენი საერთო გარემოდან: აქ კი ნათლად ჩანს ყოველი ორასი ადამიანის გადაადგილებისას რომელ საშუალებას რამსიგრძე მანძილი სჭირდება ერთ ზოლში და რა დრო სჭირდება ნაკადების მიხედვით ათვლის წერტილის გავლას ანუ ზოლის დაცლას:

3 comments:

  1. საინტერესოა ისაა რომ ყველა განვიტარებულმა ქვეყნებმა? ვის მაგალითსაც ეხლა ჩვენ ასე,,წარმატებით" ვიღებთ ჯერ მთლიანად ამოწურეს იფრასტრუქტურული შესაძლებლობები არსებული გზების და უამრავი ახალი ესტაკადა და მიწისქვეშა და მიწისზედა სადგომები გააკეთეს და მერე დაიწყეს ბას ლაინების და ველობილიკების გაკეთება და თანაც ისე რომ ფაქტიურად ავტომანქანებს კიდევ უფრო მეტი სვება მისცეს რომ საშუალო სიჩქარე გაზრდილიყო და გამონაბოლქვის ოდენობა დაცემულიყო. ჩვენთან კი ეს წინა პროცესი გამოტოვეს და პირდაპირ ბასლაინებიტ და ველობილიკებით დაიწყეს . ჯანდაბას დაიწყონ , მაგრამ მცდარ გათვლებს ეყრდნობიან და ამიოს გამო გამონაბოლქვმა ჭავჭავაძეზე არნახულ დონეს მიაღწია . ყოველ 100 მეტრში შუქნისანი , ანუ მანქანების გაჩერება , მერე დაძვრა < აჩქარება , მერე შენელება , დაჩერება და შემდეგ იგივე ციკლი . ეს ყველა ქმედება მანქანის ზრავის ყველაზე ცუდ მუსაობის რეჟიმებს მიოცავს რადგან გამობაბოლქვი ყველაზე მეტი ამ დროსაა. მდოვბრედ ერთი სიჩქარით აჩქარების გარეშე 40-50 კმ/სტ მოზრავი ავტომობილი ზალიან ციტა მავნე აირებს გამოყოფს . ასე რომ რაღაცის გაკეთებას რომ დაიწყებთ იმას მაინც ჰკითხეთ ვინ ამ საქმეში ერკვევა .

    ReplyDelete
    Replies
    1. კი ბატონო, სამწუხაროდ ჩვენ ყველაფრის ბოლოდან კეთება გვიყვარს ხოლმე, თანაც ჩვენთან რასაც აკეთებენ, ბრმად გადმოაქვთ სხვისი გამოცდილებიდან - გაუაზრებლად. მხოლოდ ბასლეინის და ველობილიკის დახაზვა ვერაფერს შეცვლის. თუნდაც კარგად გათვლილი და დაპროექტებული ჭავჭავაძის გამზირი ცალკე აღებული იმიტომ, რომ ერთია პროექტი და მეორეა სინამდვილეში როგორ განხორციელდება, ვინ რამდენს მოაკლებს ან შეჭამს თავისი ჯიბის სასარგებლოდ და ბოლოს რას მივიღებთ შედეგად...
      რთულია ხელაღებით ვინმეს რამე დააბრალო, მაგრამ ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან საიმისოდ, რომ გამოყოფილი ხაზები მხოლოდ მიბაძვით დახაზეს და ჰგონიათ ამით დამთავრდა საქმე: ფილარმონიიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, პიკის საათებში, როცა ბევრი მანქანაა, პოლიციელები მანქანებს ბასლეინზე უშვებენ სამოძრაოდ. შედეგად ბასლეინიც ისევე იჭედება, როგორც დანარჩენი ზოლები და ავტობუსით გადაადგილება აზრს კარგავს იმიტომ, რომ ზუსტად ისევე იჭედება ხოლმე საცობში, როგორც მანქანები. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციას არ ესმის ამ რეფორმის არსი და მიზანი და არც არავინ განუმარტა.
      სანაპიროზე ველობილიკი დახაზეს და ფაქტიურად ჩქაროსნული ასაქცევი ზოლია მანქანებისთვის. არავინ არ აკონტროლებს დარღვევებს და უსაფრთხოებას. შედეგად, მანდ ველოსიპედით გავლა მარტო სახიფათო კი არაა, სასიკვდილოდ სახიფათოა იმიტომ, რომ დიდი სიჩქარით ცარიელ ველობილიკზე მომავალი მანქანის აცილება შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ველოსიპედისთვის რთული საქმეა.
      სამწუხაროდ, ჯერ არ გვესმის რა რისთვის და როგორ ჯობია რომ გაკეთდეს და ვღებულობთ ერთმანეთთან დაპირისპირებულ და გატანჯულ ადამიანებს. კარგი ისაა, რომ აქამდე საერთოდ არც მოიაზრებოდა საგზაო ინფრასტრუქტურის შეცვლა. ეხლა დაიწყეს ფიქრი და კეთება. თავიდან, როგორც ყველაფერი ახალი და უცხო, ბევრ შეცდომებს მოიტანს. იმედია ნელნელა ვისწავლით, გავიაზრებთ და ოდესღაც ჩვენც გვექნება ნორმალური საცხოვრებელი გარემო, თუ მანამდე მშენებარე კორპუსებმა მთლიანად არ ჩაკლეს ქალაქი იმიტომ, რომ ეს ძალიან რთულად მოსაწესრიგებელი პრობლემაა ქვეყანაში, სადაც დიდი ფული და გავლენები წყვეტს ყველაფერს და კანონი და ნორმები მხოლოდ ქაღალდზე წერია...

      Delete
  2. საინტერესოა ისაა რომ ყველა განვიტარებულმა ქვეყნებმა? ვის მაგალითსაც ეხლა ჩვენ ასე,,წარმატებით" ვიღებთ ჯერ მთლიანად ამოწურეს იფრასტრუქტურული შესაძლებლობები არსებული გზების და უამრავი ახალი ესტაკადა და მიწისქვეშა და მიწისზედა სადგომები გააკეთეს და მერე დაიწყეს ბას ლაინების და ველობილიკების გაკეთება და თანაც ისე რომ ფაქტიურად ავტომანქანებს კიდევ უფრო მეტი სვება მისცეს რომ საშუალო სიჩქარე გაზრდილიყო და გამონაბოლქვის ოდენობა დაცემულიყო. ჩვენთან კი ეს წინა პროცესი გამოტოვეს და პირდაპირ ბასლაინებიტ და ველობილიკებით დაიწყეს . ჯანდაბას დაიწყონ , მაგრამ მცდარ გათვლებს ეყრდნობიან და ამიოს გამო გამონაბოლქვმა ჭავჭავაძეზე არნახულ დონეს მიაღწია . ყოველ 100 მეტრში შუქნისანი , ანუ მანქანების გაჩერება , მერე დაძვრა < აჩქარება , მერე შენელება , დაჩერება და შემდეგ იგივე ციკლი . ეს ყველა ქმედება მანქანის ძრავის ყველაზე ცუდ მუშაობის რეჟიმებს მიოცავს რადგან გამობაბოლქვი ყველაზე მეტი ამ დროსაა. მდოვრედ ერთი სიჩქარით აჩქარების გარეშე 40-50 კმ/სტ მოძრავი ავტომობილი ძალიან ციტა მავნე აირებს გამოყოფს . ასე რომ რაღაცის გაკეთებას რომ დაიწყებთ იმას მაინც ჰკითხეთ ვინ ამ საქმეში ერკვევა .

    ReplyDelete